საფრანგეთში გამგზავრების მსურველებს საქართველოს აეროპორტებში ფრანგული მხარეც შეამოწმებს

“საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, საფრანგეთში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შს მინისტრთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა.მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში, მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“. კერძოდ, საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, რათა წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი არის პრევენციაზე მუშაობა და საფრანგეთის შს მინისტრმა რაც აღნიშნა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ. ორგანიზებულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.