მამუკა ბახტაძე მორაგბეებს: თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია

“თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია” – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა რაგბისა და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრმა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებენ.

20 აპრილს საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის ჩემპიონატზე ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.