ბიძინა ივანიშვილს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და როცა მოსყიდვად აფასებ ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას სასაცილოა – კობახიძე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და საბიუჯეტო სახსრებს იყენებს, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. 

ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის მიხედვითაც, სოფელ ხიბულას მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტები მოუგვარდება არჩევნებს უკავშირდება.

გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილს ბევრი ქველმოქმედება აქვს ჩადენილი და ერთი ტაძრის მოხატვის ხარჯების გაღება არ შეიძლება მოსყიდვად შეფასდეს.    

„როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და მოხატულია ათასობით ტაძარი და შენ დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს არის უბრალოდ სასაცილო. არც ვიცი ამას რა დავარქვა. ერთი ფაქტი დადონ გარდა ტაძრის მოხატვისა, ამ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად მოვეკიდოთ საიას დასკვნას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.