ტაქსის მძღოლების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

ტაქსის მძღოლების ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა. საპროტესტო მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყო. მძღოლები ახალი რეგულაციების 2 წლით გადავადებას ითხოვენ.

 მათი თქმით, კახა კალაძე უნდა დაჯდეს მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მჯდომარე აქციებით იმუქრებიან. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერები. ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. 

 „გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს აკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ,“ – ამბობს გიორგი გუგავა. 

 “ლეიბორისტული” პარტიის წევრები ხელისუფლებას ვადას ორი დღე აძლევენ. თუ რეგულაციები არ გადავადდება, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების დაწყებით იმუქრება.  ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.