საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულ ხუთ პროექტს, საქართველოს ბანკი 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, ბანკი 250 ათას ლარამდე დაფინანსებას გასცემს. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია, ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი კი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს. 2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 143-მა პროექტმა მიიღო, 5 გამარჯვებული კი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა, დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული პროექტებია:

სოციალური საწარმო – მოირგე

პროექტის მიზანია ქ. ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის და მობილობის გაუმჯობესების მიზნით.

საინიციატივო ჯგუფი „თეატრო მობილეს“ პროექტი – „ფორთოხლისფერი ავტობუსი“

„ფორთოხლისფერი ავტობუსი“ წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილების და მონოსპექტაკლის გამართვა. ასევე, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენის მოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, თეატრი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფორმანსები, სპექტაკლები. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ისე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

პოლიეთილენის ნარჩენების მართვა – Plastic watcher

პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით. საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი – „ბაბალეს ჭრელი წინდები“

სოციალური საწარმოს მიზანია ბაბალეს ჭრელი წინდების წარმოება. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობის, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით. საწარმოს შექმნის შედეგად მოხდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.

ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი – „ინკლუზიურობა მოდაში“

პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს – „ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი“. შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი, დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა კი ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე, ჯამში, 10 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.