თელავში “სამოქალაქო მოძრაობის” ოფისი გაიხსნა

თელავში დღეს “სამოქალაქო მოძრაობის” რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ოფისის წარმომადგენლობა მოქალაქეთა აქტივობებში ჩართვასა და სამოქალაქო შეგნების ამაღლებას მოემსახურება.

პრეზენტაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალეკო ელისაშვილი დაესწრო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში არსებული საერთო პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივები აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„ჩვენი მოძრაობის მიზანი არის, რომ ჩვენ მოქალაქეებმა დავიკაპიწოთ ხელები, არ დაველოდოთ მესიებს, არ დაველოდოთ ვიღაცის ორშაბათ დილას კარგ ხასიათზე გაღვიძებას და მარჯვენა ფეხზე ლოგინიდან წამოდგომას, არამედ ჩვენ მოვინდომოთ, რომ ეს ქვეყანა შევცვალოთ და გავხადოთ უკეთესი. ამისთვის არის „სამოქალაქო მოძრაობა“, რომ ჩვენ ტვინებში დავანგრიოთ და დავამსხვრიოთ საბჭოური სტერეოტიპი, რომ ჩვენ ვართ პატარა კაცები, პატარა ქალები, ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება და იქ სადღაც დიდი ბიძინა, ან დიდი სტალინი სხედან და ჩვენს მაგივრად აგვარებენ ყველაფერს იმიტომ, რომ არავინ არაფერს არ მოაგვარებს ჩვენს მაგივრად,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კახეთის ორგანიზაციას სამოქალაქო აქტივისტი, ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს.