“ერთადერთი გზა არის დიალოგი” – მინისტრი ბატიაშვილი

მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს.

„საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სპორტსმენს მშვიდ გარემოში, როგორც ვარჯიშის, ისე ტურნირებისთვის მომზადების საშუალება ჰქონდეს. თავისთავად, ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია, დიალოგის ფორმა, იმიტომ, რომ ასეთი პრობლემები, იგივე სპორტსა და სხვა სფეროებში წამოჭრილა, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაციის გზა. მთავარია, რომ დიალოგის საფუძველზე გადაიჭრას ყველა პრობლემა”, – აღნიშნა მინისტრმა.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ის ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს, ამიტომ სპორტსმენმა საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, კარიერა დაასრულოს თუ ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.