45 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება სცადა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. 
როგორც ირკვევა, 25 წლის მამაკაცს, რომელიც პოლიციამ განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, ბრალი გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაუმძიმდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გ.ხ-მ, რომელიც მოკლულის ბინაში მდგუმრად ცხორობდა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1973 წელს დაბადებულ ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 
შს სამინისტროში “ნიუპოსტს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. 
გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.