ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა

ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.

1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შედეგი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება.

მე, კიდევ ერთხელ ვიხსენებ მის ღვაწლს და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო სიყვარული მის მიმართ და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული, სახელმწიფოებრიობითა და ევროპულობით,- ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა..

” მას კარგად ესმოდა, რას ნიშნავს და როგორ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პარტიულ წყობაზე, არამედ მთავარია სახელმწიფოებრიობის სხვა კონცეფცია, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. მეორე კი, იყო ევროპულობა. ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც  ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ევროპულ გზაზე დამდგარი ისე მყარად, როგორც დღეს. მას კარგად ესმოდა, რა იყო ევროპულობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.