“დაგითმეთ დედა…იქნება არამარტო ოჯახის სიამაყე, არამედ მთელი საქართველოსი”- გორჯესტანი

დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე, – ამის შესახებ ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ მომენტში, მართალი გითხრათ, ჩემ ბებიაზე და ბაბუაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს. ამ მომენტში მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ალბათ, ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის მთავარია, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

ყველზე მნიშვნელოვანი დღეს იყო, რომ ქალბატონი სალომე, ქალბატონი პრეზიდენტი იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, იმ ქართველების, ვინც მისცა ხმა და იმ ქართველების, ვინც არ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური, ევროპული ნაბიჯი, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს, როგორც თანამედროვე, ევროპული, დამშვიდებული, თავისუფალი ქვეყანა…

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ ინაუგურაციისთვის, ეს მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო უმრავლესობამ. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენტი და იქნება არამარტო ოჯახის სიამაყე, არამარტო მხარდამჭერის სიამაყე, არამედ მთელი საქართველოსი და მთელი საქართველოს ისტორიის სიამაყე“, – განაცხადა გორჯესტანმა.