გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 12 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს. ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც მწვანე კარავია გაშლილი სამართალდამცველების მეთვალყურეობით მიწა გაითხრება. გვერდით მდებარე თეთრ კარავში კი სავარაუდოდ ექსპერტები იმუშავებენ.

მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამძებრო სამუშაოები 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო. როგორც ცნობილია, იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ 12 წლის მოზარდის გატაცებაშიცაა ეჭვმიტანილი.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს,“-ნათქვამია განცხადებაში.