ქართველი ემიგრანტები სტრასბურგში ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ (ფოტოები)

22 ქართველი თავშესაფრის მაძიებელი სტრასბურში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელის ჯგუფში, სტრასბურში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ამ პირობებში არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის ერთი შშმ პირი, ასევე 8 თვის ორსული ქალი.

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკშია გაშლილი. მასში მცხოვრებლებს საფრანგეთში მყოფი ქართველები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ფოტოები სტასბურგში მცხოვრებ მაია მჭედლიშვილს ეკუთვნის. 

“მე ვერავის ვურჩევ წავიდეს თუ არ წავიდეს ევროპაში, ეს მათი არჩევანია, მაგრამ რეალური სურათი ასეთია.

ერთი რამ გაითვალისწინეთ აუცილებლად.

თუ თქვენ იმშობიარებთ საფრანგეთში, ამის გამო არავინ მოგცემთ არც საბუთს და არც ბავშვს არ მისცემენ მოქალაქეობას,” – წერს მზია წულიკიძე.

ამ პოსტს ემიგრანტების ჯგუფში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველები წერენ, უმეტეს ქალაქებში, ლტოლვილად ჩაბარების პირობები გართულდა და საზღვარგარეთ ამ მიზნით წასვლა არ ღირს.

ემიგრანტები წერენ, რომ სხვა ქალაქებშიც ასეთი სიტუაციაა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია და მათთვის თავშესაფრებს რთულად გასცემენ.