ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? – არა, მზად ვარ ბრძოლისთვის – ზურაბიშვილი (ვიდეო)

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა, ასევე მას მხარი დაუჭირა მადლობა უხდის.

ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ასევე „ქართულ ოცნებასა“ და „ოცნების“ აქტვისტებს.

„პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? – არააა. და რა, მხარდამჭერები და თანამდებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ბრიფინგს, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ ზურაბიშვილის მხარდამჭერებიც.