სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სამივე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა და მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე მოწმეების მიმართ ზეწოლის და მტკიცებულებების განადგურების  საშიშროება არ არსებობდა, სწორედ ამის გამო გაიზიარა მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია.

„ადრე აქამდე არსებობდა მიმალვისა და ზემოქმედების საფრთხე და აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს უკვე გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს და შესაბამისად ნაკლებად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება უკვე უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და აღნიშნულ საფუძველზე უკვე შეეცვალა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდენ ისინი დარბაზიდან,“- აცხადებს მერაბ მუმლაძე.

გადაწყვეტილებას არ იზიარებს ბრალდების მხარე და აცხადებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული პირები პატიმრობიდან, რადგან ამ კონკრეტულ საქმეზე არ გამოკითხულა საქმის ერთ- ერთი მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია.

„მიგვაჩნია, რომ დღეს არანაირი ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა სასამართლოსთვის და სასამართლოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო,“- აცხადებს გიორგი ქობულაძე.