შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აიკრძალა

შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია❗ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს.   „გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.