საოკუპაციო რეჟიმმა 22 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.

22 წლის საქართველოს მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა დაკავებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.