30 წლის ქალი ცემაში ყოფილ შეყვარებულს ადანაშაულებს რომელიც შსს თანამშრომელია

30 წლის ქალი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ყოფილ შეყვარებულს ადანაშაულებს, რომელიც მისი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანია. ახალგაზრდა ქალი, პირობითი სახელით მაკა ამბობს, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის კონტროლისა სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ბერიძე მას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა.

ის ცემის დროს მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოშიც ხშირად ხვდებოდა. ტვინის შერყევის გარდა, შეექმნა სმენის პრობლემებიც. ქალის განცხადებით, პარტნიორი ძირითადად მაშინ ძალადობდა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიზეზად კი ეჭვიანობას ასახელებს.

მაკა ამტკიცებს, რომ ყოველ ჯერზე საქმეში პოლიციის ჩარევა უშედეგოდ სრულდებოდა, სანაცვლოდ კი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნისგან მხოლოდ მუქარას იღებდა. 

მაკა ყვება, რომ ყოფილი შეყვარებული რამდენჯერმე სამსახურებრივი იარაღითაც დაემუქრა. ძალადობის გამო, თვითმკვლელობაც სცადა და ვენები გადაიჭრა. 

გაჭიანურებული გამოძიების გამო, ახალგაზრდა ქალი თავის დაცვას საქართველოს ფარგლებს გარეთ გეგმავს და სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივის. მის ინტერესებს ევროსასამართლოში დემოკრატიული განვითარების ინიციატივა დაიცავს.

გიორგი ბერიძემ და ძალოვანმა უწყებამ დღეს ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.