ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გამოფენა კიევში, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის თემატიკაზე

ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გამოფენა კიევის უკრაინულ სახლში გაიხსნა. გამოფენა თბილისში, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას ასახავს.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია აჩვენონ საზოგადოებას, რა მეთოდებით მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

„ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რეალური სურათი, რადგან სააკაშვილი ჩამოდის აქ, სისულელეებს უყვება უკრაინელებს, რომ მესიაა და გადაარჩენს უკრაინას. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ მისი მმართველობის მეთოდები და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, სააკაშვილის საკუთარ დანაშაულებზე აგებს პასუხს, მათ შორის იმ დარღვევებზეც, რასაც აქ, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის, მხედველობაში მაქვს თუნდაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი. ვფიქრობ, რომ ამ გამოფენით უკრაინელი ხალხი დაინახავს სიმართლეს“ –  გიორგი აბდალაძე.

ფოტოგამოფენა უკრაინულ სახლში იმართება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიების მოწყობის ინიციატორები უკრაინელი ფოტოგრაფები არიან.